საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

23.08.2018 ქ. თბილისი- საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი ისტორიული ფაქტია და  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს: “ეს არის პირველ რიგში მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, იმ რეფორმების, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ასევე არის მხარდამჭერი გზავნილი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის,  ასევე არის მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში სტაბილურობის განვითარების კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო მიმზიდველი იყოს როგორც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,  ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის და  ინვესტორებისთვის“- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში  ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და მას კონკრეტული შედეგები ექნება: „იგეგმება გერმანიის რეფორმების განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 150 მილიონიანი დახმარების აღმოჩენა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 2018 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ ხელი მოეწერა საქართველოს რკინიგზასა და  „დოიჩე ბანს”  შორის ურთიერგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს“-აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკაშირებელ რეგიონალურ ჰაბს.

გერმანიის კანცლერი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია. დაგეგმილია ასევე კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
 
ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოს  ანგელა მერკელი შეხვედრებს გამართავს სტუდენტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ეწვევა საოკუპაციო ხაზს, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.