საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი ეწვია

29.10.2018 თბილისი - 2018 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში , გაიმართა შემფასებელი ჯგუფის წევრების შეხვედრები საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. 


შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროცესი.  შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს, როგორც ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მართლმსაჯულების განვითარებაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე და ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
 
ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის ოფიციალური ვიზიტი 30 ოქტომბერს დასრულდება.