საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია თანმიმდევრულია - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით უკრაინაში, აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია და საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერი და ადეკვატური რეაგირება რუსული სამხედრო-საზღვაო ფორმირებების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ.

„ძალიან დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს აზოვის ზღვაში, კერძოდ ქერჩის ყურეში მიმდინარე პროცესებს. ფაქტები რაც დაფიქსირდა ყურეში, წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას. ეს ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და საერთაშორისო საზოგადოება გმობს მათ. აუცილებელია მყისიერი რეაგირება სიტუაციის დეესკალაციისთვის“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა,  რაც ასევე აისახება უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საერთაშირისო ინიციატივაში საქართველოს აქტიური ჩართულობით. 

„საქართველო მიერთებულია ყველა იმ საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც გმობს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და მათ შორის ყირიმის ანექსიას. მიერთებულები ვართ ევროკავშირის სანქციებს ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მხარს ვუჭერთ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაკეთებულ გაეროს განცხადებებს და უკრაინის რეზოლუციებს ხსენებულ საკითხზე. აღსანიშნავია, რომ არაერთ რეზოლუციას საქართველო არა მხოლოდ მიერთებულია, არამედ მათი ერთ-ერთი თანაინიციატორიცაა. საქართველოს ქმედებები აღნიშნული მიმართულებით არის თანმიმდევრული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ - განაცხადა კომენტარისას დავით ზალკალიანმა.