საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ თაობაზე, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება

2021 წლის 15 აპრილს ვენაში გამართული ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა ჯგუფმა - ბულგარეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა - გააკეთა ერთობლივი განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ თაობაზე. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საერთაშორისო მართლწესრიგისა და იმ ადამიანების ინტერესების დაცვით, რომელთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის თანმდევი ოკუპაციით დაირღვა და დღემდე ირღვევა.  

ქვეყნების განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ 23 000 იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა მოკლებულია თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობას. აქვე ხაზგასმულია, რომ სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, მისცეს ქართული წარმოშობის მოსახლეობას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა.     

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევაზე, 160 სამოქალაქო პირის იძულებით დაპატიმრებისა და მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია სასამართლოს დასკვნა, რომ  ომის, ქართველი ტყვეების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრა. 

ქვეყნები, ასევე, ხაზს უსვამენ, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაძლიერებული სამხედრო ძალების ყოფნა მას შემდეგაც, რაც მას ოფიციალურად დაეკისრა ჯარების გაყვანა კონფლიქტამდე განლაგებულ პოზიციებზე.

განცხადებაში, ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, სრულად დაემორჩილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, წერტილი დაუსვას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საქმეების ადეკვატური და ეფექტური გამოძიება.