ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა სენატორებთან

moldova/jan-1.jpgვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით გაქტიურებული ორმხრივი ურთიერთობები.

გიორგი კვირიკაშვილმა სენატორებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკული ბიზნესინტერესები და ინვესტიციები ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

სენატორთა მხრიდან ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. საუბარი შეეხო ამერიკელ კონგრესმენთა მიმართვის წერილს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატება. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ