ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განიხილეს

moldova/NE5A2863.jpg19.07.2017 თბილისი - „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში, დღეს გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. აღნიშნულ თემაზე, რიგით მეოთხე პანელზე მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა; ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი. პანელს მოდერირებას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ვახტანგ მახარობლიშვილი და დავით დონდუა.

ელჩებთან შეხვედრაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საქართველოს ევროპულ გზაზე, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე და ასევე, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ამ მხრივ აღინიშნა ნატო-სთან და აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა უელსისა და ვარშავის სამიტის შემდგომ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და 2014 წლის შემდეგ შეკავების პოლიტიკის ამოცანებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის საქმეში საქართველოს კონტრიბუცია. მომხსენებლებმა ისაუბრეს ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობის როლზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ამ კუთხით გაწეულ სამუშაოზე და ასევე მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმაზე, რომელიც საზოგადოებაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის აქტიურად გავრცელებას უწყობს ხელს. მან ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს საკითხთან მიმართებაში ბოლო დროს გატარებულ აქტიურ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაო სესიაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საპარლამენტო თანამშრომლობის განზომილებას. კმაყოფილებით აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ევროპარლამენტთან. მათ შორის აღინიშნა ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობა.

ამბასადორიალზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პერიოდზე და დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრის დროს აღინიშნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების როლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ საქმეში ქართველი დიპლომატების მიერ შეტანილ უმნიშვნელოვანეს წვლილს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ