ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე - „ღირსეული პარტნიორი 2017" ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას"

moldova/NE5A5952.jpg30.07.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

„ეს ღონისძიება ხაზს უსვამს ჩვენი შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ განვითარებას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, გახლავთ მისი სიმტკიცის და სიძლიერის მაჩვენებელი. წვრთნები ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას და ასევე რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანია ვიყოთ მეტად დაცულები ქვეყნის შიგნით, ასევე ვიყოთ მეტად თავსებადი ჩვენს პარტნიორებთან, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი წვლილი. წვრთნები მნიშვნელოვნად გვეხმარება ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესში და ნატოსთან თავსებადობაში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გახსნის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017"-ს საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

"ღირსეული პარტნიორი 2017" აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები "SABER GUARDIAN 2017" ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო "SEE BREEZE" - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა "NOBLE PARTNER 2017".

"ღირსეული პარტნიორი 2017" ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთ თავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთ თავსებადობის გაღრმავებას.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ